English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘
ეკონომისტის დღისადმი მიძღვნილი III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა ეკონომისტის დღისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. წლევანდელი კონფერენცია თემაზე: „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერებისა და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“.პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას მიეძღვნა და მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა უმასპინძლა.

კონფერენციის ორგანიზატორებია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტი, ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“. კონფერენციის საორგანიზაციო–სამეცნიერო ხელმძღვანელია თსუ–ს პროფესორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.

კონფერენციას წინ უძღოდა დოქტორანტთა სამეცნიერო ნაშრომების კონკურსი პროფესორ ნოდარ ხადურის პრემიის მოსაპოვებლად. კომპეტენტური ჟიურის მიერ, კონფიდენციალურობის სრული დაცვით, შეირჩა ერთი გამარჯვებული ნაშრომი.

III ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები, ასევე პროფესორ ნოდარ ხადურის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები.

კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიალს უძღვებოდა თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგიღაღანიძე.  კონფერენციის სტუმრებს და მონაწილეებს მიესალმნენ და მუშაობაში წარმატებები უსურვეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თსუ–ს რექტორმა  გიორგი  შარვაშიძემ,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე–პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

კონფერენციის პლენარული სხდომის სამეცნიერო ნაწილს უძღვებოდა აკადემიკოსი ვალდიმერ პაპავა, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე წარსდგა მოხსენებით: „ეკონომიკურ მეცნიერებასა და ეკონომიკურ პოლიტიკაში კორონომიკსის ასახვის შესახებ“.  პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა პლენარულ სხდომაზე თავის მოხსენებაში  „სახელმწიფოს როლი ეკონომიკური კრიზისების დაძლევასა და პოსტკრიზისულ ეკონომიკურ განვითარებაში (გლობალური ფინანსური კრიზისისა და კორონომიკური კრიზისის გამოცდილება)“,  კომპლექსურად განიხილა და განაზოგადა გლობალური ფინანსური კრიზისისა და კორონომიკული კრიზისის გამოცდილება. პროფესორმა ეთერ ხარაიშვილმა წარმოადგინა მოხსენებაკონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის გაზომვის თანამედროვე გამოწვევები აგროსასურსათო სექტორში“;  ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციის თეორიულ–მეთოდოლოგიური პრობლემები განიხილა თავის მოხსენებაში პროფესორმა რევაზ გველესიანმა;  პროფესორ იური ანანიშვილისა და თსუ–სმაგისტრანტ ლევან გაფრინდაშვილის ერთობლივად მომზადებულ მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა მოდელირების საფუძველზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების პროგნოზირებისა და  მთავრობის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის საკითხებზე.

 პროფესორმა სიმონ გელაშვილმა მსმენელებს შესთავაზა კორონოსტატისტიკის ფორმირების ამოსავალი პრინციპები, რაც, მისი აზრით, საქართველოში კორონავირუსის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზისთვისაა აუცილებელი.  პროფესორ დავით ნარმანიას მოხსენება მიეძღვნა კორონავირუსის პირობებში ენერგეტიკის სექტორის ფუნქციონირების ისეთ ასპექტებს, როგორიცაა: ენერგიის მოხმარება, ფასები და მომხმარებელთა გადახდისუნარიანობა. პროფესორ თეიმურაზ შენგელიას მოხსენების თემა იყო „კორონავირუსის მსოფლიო გეოგრაფია და საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები“.

კონფერენციაზე  გამომსვლელებმა თბილი სიტყვებით პატივი მიაგეს პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას და დიდი გულისტკივილი გამოთქვეს მისი ნაადრევი გარდაცვალების გამო.

პლენარული სხდომის დასასრულ, კონფერენციის საორგანიზაციო–სამეცნიერო ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ პროფესორ ნოდარ ხადურის   სახელობის სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტ ცოტნე მარღიას (ხელმძღვანელი პროფ. ი.ანანიაშვილი) გადასცა სიმბოლური პრიზი და მიიწვია ტრიბუნასთან, რომელმაც დიდი  მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს, დოქტორანტთა სამეცნიერო ნაშრომების ჟიურის და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება – „მაკროეკონომიკა პანდემიის დროს: მომხმარებელთა ქცევა და შეკავების ოპტიმალური პოლიტიკა“.

III ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მეორე ნახევარი დაეთმო სექციებში მუშაობას.

პირველ სექციაში – „კორონომიკის მიერ შექმნილი ახალი გლობალური წესრიგი,  პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები“ (ხელმძღვანელები: პროფესორები  ელგუჯა მექვაბიშვილი და რევაზ გველესიანი) – მოხსენებით გამოვიდნენ პროფესორი ვახტანგ ჭარაია,  ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე, პროფესორი იოსებ არჩვაძე და თსუ დოქტორანტი გიორგი ბენაშვილი.

მეორე სექციაში – „მაკროეკონომიკური რეგულირების ძირითადი პრობლემები, სოციალურ – დემოგრაფიული გამოწვევები და ეკონომეტრიკული მოდელები“ (ხელმძღვანელები: პროფესორები  იური ანანიაშვილი და მირიან ტუხაშვილი)                  მოხსენებები წარმოადგინეს: ასოცირებულმა პროფესორებმა მალხაზ ჩიქობავამ,  ნაზირა კაკულიამ, გივი ბედიანაშვილმა, ემზარ ჯგერენაიამ, მურმან ცარციძემ, ნინო მიქიაშვილმა; დოქტორანტებმა მაკა ღანიაშვილმა, ნიკა ასანიძემ და მირიან თედიაშვილმა.

მესამე სექციაში – „მიკროეკონომიკური გარემო და მისი გაუმჯობესების ძირითადი ინსტრუმენტები“ (ხელმძღვანელები: პროფესორები ეთერ ხარაიშვილი და სიმონ გელაშვილი) – მომხსენებლები იყვნენ ასოცირებული პროფესორები – გივი ბედიანაშვილი, ია ნაცვლიშვილი, მერაბ ჯულაყიძე, გულნაზ ერქომაიშვილი და ეკონომიკის დოქტორი ქუჯი ბიჭია

მეოთხე სექციაში – „კორონომიკა და ბიზნესის გამოწვევები საქართველოში“ (ხელმძღვანელები: პროფესორები თეიმურაზ ბერიძე და თეიმურაზ შენგელია) – წარმოდგენილი იყო ასისტენტ–პროფესორის ლელა ჯამაგიძის, ასევე თსუ–ს დოქტორანტების გვანცა სისოშვილის, ელენე ცხომელიძის და მარიამ ხურციძის მოხსენებები.

სექციებში მუშაობის შედეგების შესახებ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს სექციების ხელმძღვანელებმა – პროფესორებმა  ელგუჯა მექვაბიშვილმა, იური ანანიშვილმა, სიმონ გელაშვილმა და თეიმურაზ ბერიძემ.

მონაწილეთა მიერ აღინიშნა კონფერენციის მაღალი მეცნიერული დონე.

ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის შედეგები შეაჯამა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

აღსანიშნავია, რომ  ეკონომისტის დღისადმი მიძღვნილ ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ტრადიციას   სამი წლის ისტორია აქვს. I კონფერენცია ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტში, II - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბატონმა ლადომ აქვე ამცნო საზოგადოებას  IV ეროვნული  სამეცნიერო კონფერენციის მომავალში ჩატარების დრო და ადგილი – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  2021 წლის 11 სექტემბერი.

ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია წარმატებებს უსურვებს ეკონომისტის დღისადმი მიძღვნილ ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის ყველა მონაწილეს თუ ორგანიზატორს. იმედს ვიტოვებთ, რომ კონფერენციის არეალი გაფართოვდება და  ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია გაგრძელდება.

მარინა უკლება

თსუ  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის

მთავარი სპეციალისტი